შეხვედრა ქ-ნ მარიამ ქვრივიშვილთან და ქ-ნ მედეა ჯანიაშვილთან

04 მარ 2022

ინვესტორთა საბჭოს მიმდინარე წლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა წარმოადგენს, რომელიც პანდემიის შემდგომ აღნიშნული სფეროს აღდგენასა და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2022 წლის 4 მარტს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ქ-ნ მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ქ-ნ მედეა ჯანიაშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.  

ქალბატონმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის სექტორის 2021-2022 წლების სტატისტიკური ინფორმაცია; გასული წლის აქტივობები და შედეგები, აგრეთვე მიმდინარე წლის მიზნები.  წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, აღდგენის პროცესის კუთხით, საქართველომ მოახერხა კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევა.

პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებს შეკითხვების დასმისა და უკუკავშირის საშუალება მიეცათ. მონაწილეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე და წინასწარი სავარაუდო ზომები.  ვინაიდან მიმდინარე ვითარება ბუნდოვანია და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება მიმდინარეობს, ინვესტორთა საბჭო აღნიშნული მიმართულებით კვლავ გააგრძელებს კონსულტაციებსა და შეხვედრებს, მას შემდეგ რაც განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.