შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან

17 ოქტ 2022

 მეცნიერებისა და განათლების სექტორში ბიზნეს გარემოს განვითარების მხარდასაჭერად, ინვესტორთა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA).

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს GITA-ს ხელმძღვანელთან, ბატონ ავთანდილ კასრაძესთან, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP)“ შესახებ, რომლის განხორციელებაც 2019 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო. ზემოთ ხსენებული  პროგრამა მიზნად ისახავს ქართული სამეცნიერო პროექტების/შედეგების კომერციალიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც  ბაზრის საჭიროებებს პასუხობენ. 

შეხვედრის დროს, ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს. GITA-მ დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP)“ ფარგლებში გამოვლენილი სამეცნიერო პროექტებისა და თანამშრომლობის შესაძლო ეტაპების შესახებ. კერძო სექტორთან პოტენციური თანამშრომლობის მიზანს სამეცნიერო ინოვაციების კომპანიების პერსპექტივიდან ხედვა წარმოადგენს. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ქართული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების შესახებ კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რომელიც ახალი თანამშრომლობითი პროექტების სტიმულირებას უზრუნველყოფს.