შეხვედრა საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარესთან ქ-ნ ნინო წილოსანთან

02 მარ 2022

2022 წლის 2 მარტს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს (GEC) თავმჯდომარე ქ-ნ ნინო წილოსანსა და ინვესტორთა საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გამართა.  

შეხვედრაზე ქალბატონმა ნინო წილოსანმა GEC-ის მიერ ახლახანს შემუშავებული 2022-2024წ. სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის პრიორიტეტს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება (WEE) წარმოადგენს. აგრეთვე მან შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ პირველი ეროვნული კონცეფციის პროექტი გააცნო, რომელიც აღნიშნულ სფეროში სამომავლო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ინტერვენციების საფუძველი გახდება. პარლამენტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ ეროვნული კონცეფციის მიღებას ქვეყნის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ გეგმავს. 

2022-2024წ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს მოიცავდა, როგორებიცაა: ქალებისთვის ფინანსებზე წვდომა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ  უახლესი სტატისტიკური ინფორმაციის მიმოხილვა, სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლები, აუნაზღაურებელი შრომა და გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა. GEC-ის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ გაზაფხულზე ფინანსებზე მისაწვდომობის შესახებ საპარლამენტო მოკვლევა დაიწყება, რომელიც ფინანსებზე წვდომისას ქალების წინაშე არსებულ ბარიერებს გამოავლენს და მათ დასაძლევად აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინება.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა GEC-ის თავმჯდომარეს უკუკავშირი მიაწოდეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგი გამართეს.