უმაღლესი განათლების სექტორის კვლევა საქართველოში

23 ოქტ 2023

ბოლო წლებში, საქართველომ ინგლისურენოვანი საგანმანათლებო პროგრამების მიმართულებით, მაღალი რეპუტაცია მოიპოვა. ქვეყანაში გაიზარდა უცხოელი სტუდენტების რაოდენობა და განათლების სექტორმა ეროვნულ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. დღესდღეობით, საქართველოს აღნიშნულ  სექტორში დამატებითი სტუდენტებისა და ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.   

ინვესტორთა საბჭომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის კვლევა დაიწყო. უმაღლესი განათლების სექტორის ყოვლისმომცველი კვლევის მომზადება ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების მიერ იყო ინიცირებული. კვლევის მიზანს აღნიშნული სექტორის განვითარების ხელშემწყობი რეფორმების გამოვლენა, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

კვლევას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს. კვლევის ფარგლებში, ექსპერტები წარმოადგენენ მიმდინარე სექტორულ ანალიზსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. აღნიშნული რეკომენდაციები  საქართველოს მთავრობასა და განათლების სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს წარედგინებათ. კვლევა 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება.