საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია

23 თებ 2023

23 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ოფიციალური ღონისძიება გამართა ახალი საინფორმაციო პორტალის (infohub.rs.ge) ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ციფრულ საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის პლატფორმას წარმოადგენს.

ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ბატონი ლაშა ხუციშვილი;  USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი, ბატონი ჯონ პენელი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

აღნიშნული პორტალის საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი infohub.rs.ge ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია საგადასახადო და საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული საინფორმაციო ბაზა ინფორმაციის მიღების პროცესის მნიშვნელოვნად გამარტივებასა და ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო სახელმძღვანელო.