საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა

12 მარ 2024

ინვესტორთა საბჭო აგრძელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების მხარდაჭერას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით.    12 მარტს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც მოიცავდა როგორც უახლეს მოვლენებს ტურიზმის სექტორში, აგრეთვე საქართველოს პოპულარიზაციასთან და მეტი საერთაშორისო ვიზიტორის მოზიდვასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ისაუბრა ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, სამომავლო გეგმებსა და გასული წლის შედეგებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა აქტიურად განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორის გაძლიერებასთან დაკავშირებული მოსაზრებები და გეგმები. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად, ინვესტორთა საბჭოს სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა დააფიქსირა.