საბაჟო ფორმალობებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გამოყენება

13 სექ 2022

                                               

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად, ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, “საბაჟო ფორმალობებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და გამოყენების” პროექტს იწყებს. შესაბამისი პროგრამის დანერგვა, საქართველოს საბაჟო დეკლარაციების პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. პროექტი კორეის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „Zeptos“-თან, რომელიც შეისწავლის და შეამოწმებს  შემოსავლების სამსახურის საჭიროებებსა და სავარაუდო პროგრამულ უზრუნველყოფებს, ან უზრუნველყოფს ალტერნატიული პროგრამული გადაწყვეტის შეთავაზებას, მის დანერგვას და შემოსავლების სამსახურის ექსპორტის დეკლარაციების არსებულ პროგრამასთან დაკავშირებას. 

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა კომპანია „Zeptos”-ის,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, EBRD-ის და ინვესტორთა საბჭოს მონაწილეობით, 2022 წლის 13 სექტემბერს გაიმართა.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მეშვეობით საქართველოს საბაჟო დეკლარაციების პროცესების ავტომატიზება და გაციფროვნება,  საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს მნიშვნელოვნად დაეხმარება; შეამცირებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პერსონალზე დატვირთვას, რაც სხვა სერვისებისთვის მეტი ადმინისტრაციული რესურსის გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს; საბაჟო პროცედურები გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე- რასაც დიდი ყურადღება ეთმობა ბიზნესების მხრიდან, მიწოდების ჯაჭვის პროცესების დაგეგმვისა და იმპორტ-ექსპორტის ბაზრების იდენტიფიკაციის პროცესში.