პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევის ონლაინ პრეზენტაცია

19 აპრ 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 19 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) ელექტრონულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა სისტემებს და პროფილურ საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის, ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს. საქართველოს პორტების  აღნიშნულ სისტემასთან ინტეგრაცია გააუმჯობესებს პორტების მართვის, ავტომატიზაციისა და ლოგისტიკურ პროცესებს; გაამარტივებს უწყებათაშორის კოორდინაციას; აგრეთვე,მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.

ესტონურ-გერმანულ-ქართულმა კონსორციუმმა გააანალიზა ის დადებითი შედეგები, რომელსაც საქართველო პორტების გაერთიანებული სისტემის წარმატებით განხორციელების შემდგომ მიიღებს. ანალიზი ეფუძნება სხვა რეგიონებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას ზემოთხსენებულ სისტემასთან დაკავშირებით. პორტების გაერთიანებული სისტემა უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, მართვასა და ავტომატიზაციას ერთიანი მონაცემების საფუძველზე, რომელიც სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჯაჭვებს აკავშირებს.