ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზა

30 ოქტ 2023

25 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, EBRD-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (Port Community System) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრას უმასპინძლა. ნავსადგურების გაერთიანების სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გადაცემას უზრუნველყოფს. 

EBRD-მა დააფინანსა მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც გასულ წელს დასრულდა.  პროექტმა შეისწავლა ინტეგრაციის შესაძლებლობები რეგიონულ სისტემებთან, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან, აგრეთვე შეიმუშავა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის სტრატეგია და იმპლემენტაციის სახელმძღვანელო პრინციპები.

ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) გამართულ მუშაობას გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი (GGF) აფინანსებს. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში აგრეთვე  ჩართული იყო ინვესტორთა საბჭოს სამდივნო.

სისტემის  პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, საერთაშორისო ტენდერის მეშვეობით, EBRD-სა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ერთობლივად შეირჩა კონტრაქტორი კომპანია Actual IT. ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.