„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი უმაღლესი ხარისხის საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა

25 მაი 2022

25 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა პრეზენტაცია: „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.“

კვლევის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 18 ნორმატიული აქტი შეისწავლა. უმაღლესი შეფასება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმა დაიმსახურა უმაღლესი ხარისხის საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის უზრუნველყოფისათვის და საქართველოს პარლამენტი საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი მეწარმეების სამართლებრივ ფორმებს, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების დაფუძნებისა და მართვის პროცედურებს აწესრიგებს. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის აგვისტოში მიიღო და იგი 2022 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.  ინვესტორთა საბჭოს სამდივნო აქტიურად იყო ჩართული საკორპორაციო სამართლის რეფორმის მოდერნიზაციის პროცესში.  

ღონისძიებას დაესწრნენ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი; და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი (წიგნის „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ თანაავტორი), ბატონი გიორგი ჯუღელი. პანელურ დისკუსიაზე, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საკორპორაციო სამართლის რეფორმის პროცესში ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს როლის შესახებ ისაუბრა.