საქართველოს ინვესტორთა საბჭო ძალიან წარმატებულია - EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი

23 იან 2023

საქართველოს ინვესტორთა საბჭო ძალიან წარმატებულია, - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენმა ისაუბრა.

ცნობისთვის, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი მიმდინარე კვირას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან და EBRD-ის მაღალი დონის დელეგაციამ შეხვედრები გამართეს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან.

„გვჯერა, რომ კერძო სექტორისთვის საკუთარი მოსაზრებების მთავრობისთვის გაზიარება ძალიან სასარგებლოა. ინვესტორთა საბჭოსთან შეხება მისი დაფუძნებიდან, ანუ 2015 წლიდან გვაქვს. ბიზნესებისა და კერძო სექტორისთვის მარეგულირებელ ჩარჩოს და კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი იდეებისა და რჩევების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი კონკრეტული რეფორმების ჩატარების კუთხით, ინვესტორთა საბჭო, მართლაც სანიმუშოა. ეს ფორმატი სხვა ქვეყნებშიც დავნერგეთ, მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს ის პროგრესი, რომელსაც ინვესტორთა საბჭოსთან დაკავშირებით საქართველოში მივაღწიეთ“, - განაცხადა მარკ ბოუმენმა.

ცნობისთვის, ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით. ის კერძო და საჯარო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. ინვესტორთა საბჭოს მისიაა უზრუნველყოს დიალოგი ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

 

წყარო: bm.ge