რაში გამოიხატება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა?

27 თებ 2023

„ინვესტორთა საბჭოს ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა,“ - აღნიშნული განცხადება ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ინვესტორთა საბჭოს როლზე 22 თებერვალს გამართულ ინვესტორთა საბჭოს მე-19 სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშიც ეწერა.

„ინვესტორთა საბჭოს ნებისმიერი ინიციატივის უკან, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა დგას. საბოლოო ჯამში, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი, რომელსაც მხარს ვუჭერთ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა.

შემიძლია, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, თუ რა ფორმით ვართ ჩვენ ჩართული - საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, „მეწარმეთა შესახებ კანონი“ ძალიან დადებითად არის შეფასებული. ამ კანონის განმარტებისთვის, ინვესტორთა საბჭომ სპეციალური სახელმძღვანელო მოამზადა და აქტიურად ვიყავით ჩართული როგორც კერძო სექტორთან, ისე საჯარო და სასამართლო ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში.

ასევე, ამჟამად ვმუშაობთ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ თემაზე - უახლოეს მომავალში, EBRD-ის დაფინანსებით, დაიწყება ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესის სრულად გაციფრულება და აღნიშნულ თემაზე აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

წყარო: bm.ge-ს სტატია