შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან უცხოური ინვესტიციების მიმართულებით - ბატონ ვაზილ ჰუდაკთან

20 ივლ 2021

2021 წლის 20 ივლისს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ბატონ ვაზილ ჰუდაკთან.

შეხვედრას ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მიმდინარე წლის სამომავლო საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის პოტენციურ სექტორებს; უპირატესობებს, რომელებიც შესაძლოა, საქართველომ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს; ინვესტორების ინტერესების შესაძლო ხელისშემშლელ დაბრკოლებებს; საჭირო ზომებს, რათა გაუმჯობესდეს საერთო საინვესტიციო კლიმატი და საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს.

ბატონმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ ვინაიდან მას აქვს წამყვან კერძო ბანკებში, აგრეთვე, ევროპის საინვესტიციო ბანკში მუშაობის გამოცდილება; ამასთანავე, მას სლოვაკეთის მთავრობაში, სხვადასხვა დროს, ეკონომიკის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები ეკავა, მას კარგად ესმის საქართველოში არსებული მიმდინარე გამოწვევები. ბატონმა ჰუდაკმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და იგი მზადაა, ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა საქართველომ ინვესტიციების მოზიდვა წარმატებით უზრუნველყოს.