5 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ინვესტორთა საბჭოს ერთობლივი ორგანიზატორობით, ქალთა გაძლიერების პრინციპების მეექვსე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის თემა „ინვესტირების გენდერულ ასპექტებს“ დაეთმო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, დონორების, ფინანსური ინსტიტუტების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და ანგელოზი ინვესტორები.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში; ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში; გიორგი ჩერქეზიშვილი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი; ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე; და ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.
კონფერენცია გენდერული თანასწორობისა და ინვესტირების გენდერული ასპექტების ირგვლივ საინტერესო თემებს მოიცავდა. ქალები ბაზრის მნიშვნელოვან და მზარდ სეგმენტს წარმოადგენენ. ინვესტირების დროს გენდერული ასპექტების გათვალისწინება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს უზრუნველყოფს, რომელიც მეტად ინკლუზიური მომავლის საწინდარია.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ: ნათია ჯანელიძე (გაზელ ფაინანსი); რუსლან ხოროშვილი (EY საქართველო); ნიკოლოზ ალავიძე (აქციო); ნინო მენთეშაშვილი (ფედექს საქართველო); სალომე კუკავა (გლობალაიზი); ხემა პერეზი (აზიის განვითარების ბანკი); მაია ქობალია (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი); ნათია ნინიკელაშვილი (სოფლიდან.ჯი); და ირაკლი მიზანდარი (GEC Consulting).