ფაქტორინგის რეფორმის მიმდინარეობის განხილვა

09 თებ 2024

2024 წლის 9 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,  ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, ფაქტორინგის რეფორმის მიმდინარეობის, მათ შორის ახალი კანონპროექტისა და რეფორმის განხორციელების ეტაპების განხილვას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ადგილობრივი კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა გიორგი გურგენიძემ დამწრეებს ფაქტორინგის კანონპროექტის ძირითადი პრინციპები წარუდგინა. დისკუსია შეეხო ფაქტორისა და მოვალის უფლებებს, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარების ქვეშ ფაქტორინგის რეესტრის ჩამოყალიბებას,  თაღლითური პრაქტიკის პრევენციას და სხვა.

ფაქტორინგი ალტერნატიული დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს და გულისხმობს ბიზნესის მიერ ინვოისების მესამე მხარეზე (ფაქტორზე) გაყიდვას, საკუთარი მოკლევადიანი ლიკვიდურობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს ლიკვიდურობის საჭირო დონის მართვაში ეხმარება და მათ მომწოდებლებისგან ფასდაკლების მიღების უპირატესობას სთავაზობს.

არსებობს ემპირიული მონაცემები იმისა, რომ ფაქტორინგის სამართლებრივ მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანზაქციის ხარჯების შესამცირებასა და გარიგებათა უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. იგი განსაკუთებით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმისაწვდომობის ზრდას ფინანსებზე.