საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით თბილისში ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება

29 ოქტ 2015

ახლადდაარსებული ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში გაიმართა.

მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ბიზნეს გარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის გზები განიხილეს.

ამ მიზნით მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება და დიალოგი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის. მუდმივი ურთიერთობა იძლევა საკანონმდებლო და ნორმატიული გარემოს იმგვარად ჩამოყალიბების საშუალებას, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის ეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ამ უწყების მუშაობის პრინციპებსა და ამოცანებს.

ინვესტორთა საბჭოს მიზანია უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა; მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციებისა და ბიზნეს ომბუდსმენის გაერთიანება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

ურთიერთგაგებისა და ნდობის წახალისებით ინვესტორთა საბჭო გააძლიერებს საფუძველს ბიზნესის საქმიანობის გაფართოებისთვის ქვეყნის საკეთილდღეოდ. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ინვესტორების საჭიროებათა და პრობლემური საკითხების მოგვარების პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

ინვესტორთა საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას საბჭო წარმართავს სამდივნოს მეშვეობით, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოფილი ბანკირი, ქალბატონი მარიამ მეღვინეთუხუცესი ხელმძღვანელობს. სამდივნო მუშაობს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა რეფორმების მხარდაჭერა, ბიზნეს წრეებთან კონსულტაციების ხელშეწყობა და რეფორმების წინადადებებთან დაკავშირებული მოსაზრებების მიწოდება ხელისუფლებისთვის.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გაგვახარა ყველა მონაწილის ერთგულებამ საბჭოს მიზნებისადმი. საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელშეწყობა ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით შემდგომი რეგულაციების დანერგვის საქმეში“ აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბატონმა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ტექნიკური თანამშრომლობის ფონდებიდან და საქართველოს მთავრობის დახმარებით აფინანსებს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მუშაობას. განვითარებაზე
ორიენტირებულმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მიიღეს უწყების დაფინანსების მექანიზმში მიერთების შეთავაზება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უმსხვილესი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. მას 2 მილიარდ ევროზე მეტი კაპიტალდაბანდება აქვს ქვეყნის 180-ზე მეტ პროექტში. იმის გარდა, რომ წამყვანი ინვესტორია ქვეყნის ეკონომიკის ბევრ სექტორში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საკონსულტაციო მომსახურებასაც უზრუნველყოფს და აქტიურად ზრუნავს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მობილიზაციაზე.