საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია

08 აპრ 2024

                                             

8 აპრილს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ინვესტორთა საბჭოს წევრები, დაინტერესებული მხარეები, ექსპერტები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი; ბრიტანეთის საელჩოს საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი, კრის რაილი და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი,  გიორგი ჩერქეზიშვილი, რის შემდეგაც დრო დაეთმოთ მომხსენებლებს: იურიდიულ და გენდერის ექსპერტს, ეკატერინე სხილაძეს; ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს:  მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელის მოადგილეს, მარიამ ლობჟანიძესა და წამყვან ეკონომისტს, დავით კეშელავას. შეხვედრას უძღვებოდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტი,  ანა ილურიძე.

გარდა რეკომენდაციებისა, პრეზენტაცია მოიცავდა არსებული გენდერული კონტექსტის მიმოხილვას; საერთაშორისო და ეროვნულ ჩარჩოებს; საერთაშორისო გამოცდილებას; აგრეთვე, გენდერული კვოტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასების შედეგებს.  შეხვედრის დასასრულს, დამსწრეებმა გენდერული ზეგავლენის შეფასების შედეგები და მიგნებები განიხილეს.

გენდერული ზეგავლენის შეფასება საქართველოს კანონზე „მეწარმეთა შესახებ“, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და იგი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდი.