12 ოქტომბერს, ინვესტორთა საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „გენდერული სახელფასო სხვაობა“, სადაც განიხილეს გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრის მნიშვნელობა, რომელიც ინკლუზიური სამუშაო გარემოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და შემდგომში, ორგანიზაციის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრას ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტი, ანა ილურიძე უძღვებოდა. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის, გიორგი ჩერქეზიშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ღონისძიების მომხსენებლებმა მათი საკითხები წარადგინეს. შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, ნატო ნათენაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა, ნანი ბენდელიანმა გენდერული სახელფასო სხვაობის მნიშვნელობა განმარტეს; ხოლო თიბისი ბანკის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა განავრცო გენდერული სახელფასო სხვაობის მნიშვნელობა კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის და ქალებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს შესაქმნელად საჭირო კონკრეტულ სტრატეგიებზე ისაუბრა.
პანელური დისკუსიის მსვლელობისას, მონაწილეებმა განიხილეს გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები, როგორებიცაა: მისი გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, გენდერული სახელფასო სხვაობის საკითხის მოგვარების მნიშვნელობა კერძო კომპანიებისთვის და მისი აღმოფხვრისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები. შეხვედრაზე მიმოიხილეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და აგრეთვე ხაზი გაუსვეს მარეგულირებლის როლსა და ფუნქციებს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის ორგანიზაციებისა და ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.