ინვესტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით

10 მარ 2022

2022 წლის 10 მარტს, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ბიზნეს გარემოში ახალი გამოწვევები, ემსჯელათ მათი გადაჭრის გზებსა და ინვესტორთა საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიზნებზე.

შეხვედრას ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა, რომელმაც წარმოადგინა დეტალური კვლევა „საქართველო-უკრაინასა და საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები: უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ანალიზი“.

კვლევა მოიცავდა 2021 წლის სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველო-რუსეთსა და საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობების-იმპორტისა და ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შესახებ, აგრეთვე 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის წევრებმა განიხილეს რამდენიმე მიმდინარე საკითხი: უკრაინაში დახმარების გაგზავნის საშუალებები; ეკონომიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მომწოდებლების მრავალფეროვნების აუცილებლობა; ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

ვინაიდან, მიმდინარე სიტუაცია სწრაფად იცვლება, არსებული ვითარების განსახილველად და ინვესტორთა საბჭოს მომდევნო სხდომის სავარაუდო თემების შესათანხმებლად, ინვესტორთა საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში, მორიგი შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

კვლევა