ინვესტორთა საბჭოს მე-18 სხდომა

19 ოქტ 2022

2022 წლის 19 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს მე-18 სხდომა გაიმართა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნა, ხოლო მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სამდივნოს საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა და ინვესტორთა საბჭოს წევრებს ინვესტორთა საბჭოს როტაციული წევრობისთვის ტენდერის გამოცხადების შესახებ აუწყა.

მე-18 შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ჩამოყალიბება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიის განახლება-სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარება, საქართველოში სადაზღვევო სექტორის შემდგომი განვითარება, მიმდინარე საპენსიო რეფორმა, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია.

აგრეთვე, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა განიხილეს სხვადასხვა სექტორის განვითარების პერსპექტივები, რაც სამომავლოდ, საქართველოში საერთო საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.