ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების დეკლარაციის ხელმოწერა

17 ნოე 2022

                                           

17 ნოემბერს, სასტუმრო „WYNDHAM GRAND TBILISI“-ში, ინვესტორთა საბჭომ გამართა ღონისძიება, რომლიც მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიება დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიით დასრულდა.

ინვესტორთა საბჭომ, მისი გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა. დეკლარაციის ხელმოწერით, ინვესტორთა საბჭომ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ საქართველოს კერძო სექტორში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში. დეკლარაცია აგრეთვე თანხვედრაშია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნულ კონცეფციასთან.

დეკლარაცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: თანაბარი ანაზღაურება, სამუშაო ძალაში თანაბარი და ინკლუზიური მონაწილეობა, სარგებელი და პროფესიული განვითარება, ხელმძღვანელობა და მმართველობა და სამუშაო გარემო.

დეკლარაციას ხელს აწერენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, ინვესტორთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

დეკლარაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: