EBRD მიესალმება მარიამ მეღვინეთუხუცესის ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას

13 ივლ 2015

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ადასტურებს, რომ ინვეტორთა საბჭოს სეკრეტარიატის მმართველი შერჩეულია. კონკურენტული შესარჩევი პროცესის შედეგად, EBRD-ის მკაცრი პოლიტიკის შესაბამისად და EBRD–ის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთსულოვანი რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მარიამ მეღვინეთუხუცესი დაინიშნა საქართველოს ინვესტორთა კავშირის ხელმძღვანელად.

მარიამ მეღვინეთუხუცესი EBRD–ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც პასუხისმგებელი იყო 1997 წელს საქართველოში ბანკის საქმიანობის დაწყების პროცესზე და აქვს საბანკო სექტორში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება. EBRD–ში მუშაობის შემდეგ მუშაობდა თიბისი ბანკში, სადაც ეკავა რამდენიმე მაღალი თანამდებობა და ხელმძღვანელობდა საინვესტიციო საბანკო მიმართულებას. შერჩევის პროცესში მარიამმა მიაღწია შთამბეჭდავ შედეგს და გამოავლინა კერძო სექტორის ღრმა ცოდნა და საჯარო სექტორებთან მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. ოფიციალურად ის პოზიციას 2015 წლის 1 აგვისტოს დაიკავებს და მისი მიზანი იქნება 2015 წლის სექტემბრის ბოლოსთვის პირველი ასამბლეის გამართვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ტექნიკური კოოპერაციის ფონდის საშუალებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დროებით აფინანსებს საბჭოს მმართველი სეკრეტარიატის აქტივობებს. მოწვევა გაეგზავნათ განვითარების სფეროში მომუშავე საერთაშორისო პარტნიორებსაც. EBRD–ის მხრიდან ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერა წარმოადგენს ბანკის გაფართოებული სამუშაოების ნაწილს, რომელთა მიზანი ბიზნეს გარემოს განვითარებაზე მიმართული რეფორმების მხარდაჭერაა და რომლებიც საინვესტიციო კლიმატისა და მმართველობის ინიციატივის ფაგლებში მიმდინარეობს, ეს ინიციატივა მმართველთა საბჭომ 2014 წელს დაამტკიცა. ინვესტორთა საბჭო წარმართავს დიალოგს უმაღლეს დონეზე ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარებით, საბჭო შექმნის მტკიცე საფუძველს ბიზნეს აქტივობების გასაფართოებლად ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ. საბჭო გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ინვესტორთა მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ახალ ინსტიტუციაში თავს მოიყრიან მთავრობის, საჯარო სააგენტოების, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლები.

EBRD -ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორთა საბჭოს დაარსების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს თბილისში, 2015 წლის მაისში
ჩატარებული ბანკის ყოველწლიური შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუციური ინვესტორია 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციით 184 პროექტში. ქართული ეკონომიკის მრავალ სფეროში განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ბანკი უზრუნველყოფს საკონსულტაციო სერვისებს და მუშაობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე.