შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტთან, ქალბატონ კლაუდია სალომონთან

13 მაი 2022

13 მაისს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტთან- ქალბატონ კლაუდია სალომონთან შეხვედრა მოაწყო, რომელსაც ინვესტორთა საბჭოს წევრები და საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი,  ბატონი გიორგი ჯუღელი და ICC საქართველოს საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ნიკა ღვინაძე. ბატონმა ჯუღელმა განაცხადა, რომ ინვესტორთა საბჭოს სამდივნო მხარს უჭერს კომერციულ არბიტრაჟს საქართველოში; ხაზი გაუსვა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) კუთხით, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არბიტრაჟზე მორგებული საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონალური საარბიტრაჟო ჰაბი. ბატონმა ნიკა ღვინაძემ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობა მიმოიხილა და დამსწრე აუდიტორიას ქალბატონი კლაუდია სალომონი წარუდგინა.  

ქალბატონმა კლაუდია სალომონმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობასთან, უპირატესობებთან, დავის გადაწყვეტის ხერხებთან, მის პროფესიონალ გუნდთან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მეთოდთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარმოადგინა. მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ერთადერთი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაკავშირებული გეოგრაფიულ მდებარეობასა თუ პოლიტიკურ ნებასთან. მხოლოდ გასულ წელს, ორგანიზაცია საარბიტრაჟო საქმეს ას სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებდა.

შეხვედრის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეები დისკუსიაში  ჩაერთვნენ; საქართველოში არბიტრაჟის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.