8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკულ გამოყენებასთან და ბიზნეს საზოგადოებაზე გავლენასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.
ერთ-ერთი სპიკერის რანგში ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული მრჩეველი, გიორგი ჯუღელი მონაწილეობდა, რომელმაც ინვესტორთა საბჭოს სამეწარმეო სამართლის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და კანონის შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა.
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აღნიშნული კანონის ახალი ნორმების შემდგომში განხილვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.