ინვესტორთა საბჭოს 21-ე სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 2023 წლის 15 ნოემბერს გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სიტყვებით წარსდგნენ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქალბატონი კლერ ოლბლესი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ბატონი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ინვესტორთა საბჭოს მიმდინარე საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაზე.
ინვესტორთა საბჭოს 21-ე სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის საკითხი; საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისთვის ხელშემწყობი ნაბიჯები, ფინანსებისა და ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა-ფაქტორინგის რეფორმა, აგრეთვე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR) და ორგანიზაციების მიერ გაცემული სოციალური სტიპენდიები.