ინვესტორთა საბჭოს რიგით მეჩვიდმეტე სხდომა

07 ივნ 2022

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და აღნიშნულ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს რიგით მეჩვიდმეტე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით,  მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის 7 ივნისს გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა  სრული მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.

სხდომაზე იმსჯელეს სხვა აქტუალურ საკითხებზეც, მათ შორის, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობასა და აღნიშნულ პროცესში ახალი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.