„ინვესტორთა საბჭო ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნაში აქტიურად ჩაერთვება“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაშიც მოხვდა.
„საქართველოში ინვესტორებისთვის ზოგადი სამართლებრივი ბაზის ჩამოსაყალიბებლად არსებობს ორი ე.წ. ჩარჩო საინვესტიციო კანონი: „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი (2006) და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონი. ორივე ჩარჩო კანონმდებლობის ამჟამინდელი ვერსია მოძველებულია და პოტენციურ ინვესტორებს სრულ ინფორმაციას არ აწვდის “, - აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში.
გიორგი ჩერქეზიშვილი „წერტილთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს , ორივე კანონში ცვლილებები შევიდა, ინვესტორთა საბჭოს წევრები ახალი კანონის შექმნის ინიციატივით გამოდიან.
„ჩარჩო საინვესტიციო კანონმდებლობა საკმაოდ დიდი ხნისაა. მართალია, სხვადასხვა დროს , ორივე კანონში ცვლილებები შევიდა, მაგრამ ინვესტორთა საბჭოს წევრების მხრიდან იყო რეკომენდაცია ახალი კანონის დაწერასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ინვესტორთა საბჭო და მისი სამუშაო ჯგუფი, აქტიურად ჩაერთვება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კომუნიკაციაში. აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება ერთ-ერთი წევრი დონორი ორგანიზაცია, რომელიც რეფორმის პროცესში ტექნიკურ მხარდაჭერას გაგვიწევს", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ცნობისთვის: ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ჩამოყალიბება წარმოდგენილი იყო ინვესტორთა საბჭოს მე-18 სხდომის დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხზე მოხსენება IFC-ის წარმომადგენელმა თეა გიგიბერიამ გააკეთა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა "აწარმოე საქართველოს" საინვესტიციო სტრატეგიის განახლებასთან დაკავშირებით.
წყარო: bm.ge-ს სტატია