
20 ივნისს გაიმართა ინვესტორთა საბჭოს სამეწარმეო სამართლის სამუშაო ჯგუფისა და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კომერციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტის მორიგი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში, ბორჯომში გამართული სემინარის ფარგლებში დაწყებული განხილვების გაგრძელებას წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა კორპორაციული სამართლის რეფორმის საკითხებზე მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ცვლილებების უახლესი ვერსია. ძირითად თემებს წარმოადგენდა აქციონერების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება და ამ უფლების დაცვის მექანიზმები, ასევე კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა.
მონაწილეებმა შეთანხმდნენ ცვლილებების საბოლოო ტექსტზე, რომელიც გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პროცესის შემდგომი ეტაპებისთვის. ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივ მუშაობაზე ახალ რეკომენდაციებსა და კანონპროექტზე, რომლებიც შეეხება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას კორპორაციულ პროცესებში.
გარდა ამისა, ჯგუფებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მეწარმეთა შესახებ კანონში ჩაერთოს ინკლუზიურობა და თანასწორობის პრინციპი.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამუშაო ჯგუფებს შორის მტკიცე თანამშრომლობა და მათი საერთო მიზანი – ხელი შეუწყონ საქართველოსთვის გამჭვირვალე, ინოვაციებზე დაფუძნებული და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი კორპორაციული სამართლებრივი სისტემის შექმნას.