ინვესტირების გენდერული ასპექტები საქართველოში

12 ივნ 2025

2025 წლის 6 ივნისს, ქალაქ თბილისში ინვესტირების გენდერული ასპექტების  (GLI) ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობით შედგა და მას საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს გენდერულად ინკლუზიური ანგარიშგების ჩარჩო დოკუმენტის (GGIRF) სამუშაო ვერსიის განხილვა  იყო. ჩარჩო ეფუძნება ხუთ პუნქტიან მიდგომას და მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით გამოწვევებთან გამკლავებას ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში შემდეგი მიმართულებებით:

  • გენდერული ნიშნით სხვაობების შემცირება
  • სექტორების დივერსიფიკაცია და უნარების განვითარება
  • სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი და კეთილდღეობა
  • მეწარმეობა და ეკონომიკური მდგრადობა
  • კულტურული და საკანონმდებლო გარემოს თანხვედრა

სამუშაო შეხვედრის მიმდინაროებისას მონაწილეებმა კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის გაზომვის ხერხებსა და გენდერულად დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიების მნიშვნელობასა პრაქტიკაზე იმსჯელეს. რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მოსაზრებები, რაც  დაეხმარება ინვესტორთა საბჭოს ანგარიშგების ჩარჩო დოკუმენტის უფრო მეტად დახვეწასა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავების პროცესში.

ეს ინიციატივა ხაზს უსვამს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას. ამ სამუშაო შეხვედრის საფუძველზე მუშაობა გაგრძელდება საქართველოს გენდერულად ინკლუზიური ანგარიშგების ჩარჩო დოკუმენტის (GGIRF) შემდგომი განვითარების მიზნით.