ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში წიაღის რეფორმის მეორე ფაზაც შედის

27 თებ 2023

წიაღის რეფორმის მეორე ფაზა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში შედის.

„საქართველოს სამთო სექტორში ინვესტიციების გასაძლიერებლად, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზება. რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს სექტორში პოლიტიკა და დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოში“, - წერია სამოქმედო გეგმაში.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რეფორმის მეორე ფაზა სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას და წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის ფორმირებას გულისხმობს.

„წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, 2019 წელს დასრულდა. შედეგად, ახლა პირველადი საკანონმდებლო ბაზის საკითხი მოწესრიგებულია - განისაზღვრა ლიცენზიის აღების პირობები, გაუქმდა ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასური, ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მინიმალური საწყისი სააუქციონო ფასი 500 ლარიდან 50 ლარამდე შემცირდა (ჰექტარზე) და ა.შ.

რაც შეეხება რეფორმის მეორე ფაზას, რომელიც წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს, უნდა მომზადდეს რეგულირების გავლენის შეფასება ე.წ. RIA და აგრეთვე, კანონმდებლობაში ბიზნესის მოსაზრებები და შეფასებები უნდა აისახოს“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

წყარო: bm.ge-ს სტატია