
საქართველოში აგრარული სექტორისა და სასაწყობო ხელწერილების სისტემის შესაძლო დანერგვის განხილვის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 2-4 ივნისს, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების სერიები ჩატარდა.
აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) —— შვეიცარიის მთავრობის (SECO) მხარდაჭერით. პროექტის მხარდაჭერა საწყის ეტაპებზე საერთაშორისო გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას მოიცავს და საჭიროების შემთხვევაში იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობას.
საკონსულტაციო სერიები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა:
- საჯარო სექტორის წარმომადგენლებს
- აგრარული სექტორის წარმომადგენლებს
- საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს
პრეზენტაცია ჩაატარეს საერთაშორისო ექსპერტებმა, მათ შორის:
– კირილო მუხომეძიანოვმა, პროექტის ხელმძღვანელმა, IFC
– ლეილა ჰუსეინლიმ, ფინანსური სექტორის სპეციალისტმა, IFC
– აგილ აბდულაევმა, იურიდიულმა ექსპერტმა, IFC
– ივან იერკომ, OTP Agro-Factory-ის დირექტორმა, OTP Bank Ukraine
აგრარული და სასაწყობო ხელწერილები უნიკალური საშუალებაა აგრარული სექტორის წარმომადგენლების დასაფინანსებლად სეზონის დაწყებამდე და სეზონის დასრულების შემდეგ. ეს ფინანსური ინსტრუმენტები სპეციალურად შეიქმნა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.