ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, (EBRD) საქართველოსა და აზერბაიჯანში კონტრეილერის (Ro-La) სერვისების დანერგვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყო. კვლევას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ტენდერით შერჩეული კომპანია Railistics GmbH და Civitta International OU ერთობლივად ჩაატარებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 31 ივლისს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკომისიის, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს, კვლევის განმახორციელებელი კომპანიების, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიები, კონტრეილერის სერვისების ეფექტური განხორციელების ძირითადი ელემენტების იდენტიფიცირებას მოახდენენ და არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ. კვლევა მოიცავს სერვისის დანერგვისთვის საჭირო საშუალებების განსაზღვრას, ლოკაციების შერჩევას და კონტრეილერის (Ro-La) სერვისების განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების შეფასებას როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში.
დაინტერესებული მხარეები კვლევის პირველად შედეგებს 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გაეცნობიან.
კონტრეილერის სერვისების განვითარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს და ხელს შეუწყობს საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ინტეგრირებას მსოფლიო სატრანსპორტო სისტემებში. გარდა ამისა, ამ სერვისის დანერგვა გააძლიერებს ტრანსპორტის სექტორის მდგრად განვითარებას ნახშირბადის კვალის შემცირების და საგზაო უსაფრთხოების გაზრდის გზით.
საქართველოში კონტრეილერის სერვისების განვითარების მხარდაჭერა, ინვესტორთა საბჭოს “მწვანე ეკონომიკის” დღის წესრიგის ნაწილია.