ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ფაქტორინგის ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის მიზანშეწონილობის კვლევას იწყებს

21 ივნ 2022

 

2022 წლის 21 ივნისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ფაქტორინგის ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის, მიზანშეწონილობის კვლევას იწყებს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია KPMG სსიპ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სისტემაში ფაქტორინგის გარიგებათა რეესტრის ინტეგრირების შესაძლებლობებს შეისწავლის. კვლევა აგრეთვე განსაზღვრავს სარეგისტრაციო პლატფორმის შემუშავებისა და დანერგვისთვის საჭირო დეტალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარჯთაღრიცხვას.  მიზანშეწონილობის კვლევა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ინვესტორთა საბჭომ მხარი დაუჭირეს ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას, საქართველოში ფაქტორინგის პროდუქტების დანერგვის ხელშესაწყობად. აღნიშნული პროცესის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ინვესტორთა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან. ფაქტორინგის ოპერაციების რეგისტრაციის ცენტრალიზებული ელექტრონული პლატფორმის შექმნა აუცილებელია ახალი კანონის სრულყოფილად ამოქმედებისთვის.

აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბება ბაზარზე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს განვითარებასა და კომპანიებისთვის (მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების ონლაინ პრეზენტაცია 2022 წლის 21 ივნისს გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ქალბატონმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ირაკლი ნადარეიშვილმა; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა პაპუნა ლეჟავამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ბატონმა ბაჩო თორთლაძემ.